// 27.06.2019 15:26 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


საზეიმო საღამო თელ-ავივის სასტუმრო ჰილტონში


24-6-2013

თელ ავივის ფეშენებალურ სასტუმრო ჰილტონს ალბად, მრავალი სახისა და თანამდებობის პირისთვის უმასპინძლია, მაგრამ ის არაჩვეულებრივად საზეიმო გარემო, რომელიც შექმნეს საქართველოდან გამოსული ებრაელობის საზოგადოების თვალსაჩინო პირებმა 24 ივნისს, ნამდვილად გამოირჩეოდა თავისი გრანდიოზულობით. მიზეზი ამ არაჩვეულებრივი სამზადისისა გახლდათ საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. ესოდენ მაღალი რანგის სტუმრისა და მისი თანმხლები პირების მიღება და მასპინძლობა ითავა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა გაბრიელ მირილაშვილმა.

საღამოს 7 საათისთვის საბანკეტო დარბაზის ფოიე საკმაოდ ახმაურდა მოწვეულ სტუმართა სიმრავლისაგან. უძვირფასესი სანოვაგითა და სასმელებით ხელდამშვენებული ოფიციანტები თავაზიანი ღიმილით სთავაზობდნენ მაგიდებზე განლაგებულ ნუგბარ ნაირსახეობას მოწვეულ საზოგადოებას. არაჩვეულებრივ ჰარმონიას ქმნიდა ორი მშვენიერი მუსიკოსი, რომლებიც დარბაზის ერთ კუთხეში მდგარი თეთრი როიალისა და ფლეიტის სასიამოვნო ჰანგებით ატკბობდნენ სტუმრებს.

საღამო ხანი ახლოვდებოდა, მზე უკვე ჩასვლას იწყებდა, მისი სხივები ზღვის წყლის სილურჯეში ოქროსფრად ირეკლებოდა და სასტუმროს უზარმაზარ ფანჯრებში დაუკითხავად აგზავნიდა სპექტრებში გარდატეხილ ფერად, ჯადოსნურ ლიცლიცს. მუსიკოსი გოგონას ნაზი და მოქნილი თითები ფლეიტაზე ჯადოსნური ფრინველივით დაფარფატებდნენ...და იღვრებოდა მუსიკა ვითარც დავითის ქნარის...

ცოტა ხანში გამოჩნდა თვით სტუმარიც, რასაკვირველია, სპეციალური დაცვით, თანმხლები პირებისა და უამრავი ფოტორეპორტიორების თანხლებით. მას სასტუმროს შემოსასვლელში კეთილი ღიმილითა და მეგობრული ხელისჩამორთმევით შეეგებნენ სემკას პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი და კონგრესის სხვა წევრები. სპეციალურად სტუმრის პატივსაცემად მოსული ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის წევრები. შეკრებილი საზოგადოება გარს შემოეხვია სტუმარს, ყველა ცდილობდა მისალმებასა და ხელის ჩამორთმევას.

პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სასტუმროში მოვიდა ისრაელის რამდენიმე ოფიციალურ პირთან შეხვედრიდან, მაგრამ დაღლილობა სრულიად არ ეტყობოდა, ღიმილგადაფენილი სახით ყველას ესალმებოდა და კითხულობდა.

ათიოდე წუთის შემდეგ სტუმარ- მასპინძელი შევიდა დიდ საბანკეტო დარბაზში, რომლის სიდიდემ, არაჩვეულებრივად ლამაზმა დიზაინურმა გაფორმებამა და უამრავ ყვავილთა ფერადოვნებამ თავიდანვე შექმნეს საოცრად ხალისიანი და მეგობრული განწყობილება. ამას სცენაზე მდგარი მომღერლებისა და მუსიკოსების ოსტატურად შესრულებული პოპულარული ჰანგებიც აძლიერებდა.

რამდენიმე ხანი გავიდა, ვიდრე ქართველი, ისრაელი და საზღვარგარეთიდან ამ ვიზიტთან დაკავშირებით სპეციალურად ჩამოსული სტუმრები მოეწყვნენ განკუთვნილ მაგიდებთან და უცებ სცენიდან გვესმის ძალიან ნაცნობი და ახლობელი ხმა, რომელიც დარბაზში მყოფთ აუწყებს საზეიმო საღამოს მიზეზს და მიკროფონთან იწვევს გაბრიელ მირილაშვილს. ხალხმა იცნო საქართველოს ტელევიზიის ერთერთი არხის პროგრამის წამყვანის ოთარ ტატიშვილის ხმა და ტაშით დააჯილდოვა იგი. ეტყობა, ისრაელშიც კარგად იცნობენ მას...

გაბრიელ მირილაშვილი ცნობილია როგორც საუკეთესო ორგანიზატორი და მასპინძელი, მაგრამ ამ საღამოს მის სახესა და მთელს მის არსებას უჩვეულო აღმაფრენის შუქი დასთამაშებდა. ეტყობოდა, რომ ძალიან უხაროდა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა. ძვირფასო საქართველოს მთავრობის მეთაურო, პატივცემულო სტუმრებო. დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ვმასპინძლობთ ჩვენს ძმებს, ჩვენი საყვარელი საქართველოს მთავრობის მეთაურსა და მის თანმხლებ პირებს. ეს ვიზიტი გახლავთ პასუხი ხანუქის დღესასწაულში თბილისში ჩვენი ვიზიტისა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელის წმინდა მიწაზე. ჩვენი ხალხები უღალატოდ ცხოვრობდნენ 26 საუკუნე ერთმანეთის გვერდით. იცოდნენ გატანა და მფარველობა, ერთმანეთის დახმარება და გვერდში ამოდგომა. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ მათ გზას და ამით ვამართლებთ ჩვენს არსებობას. მე მსურს გისურვოთ გამარჯვება და აყვავება. გთხოვთ თავი იგრძნოთ როგორც საკუთარ სახლში.

გაბრიელ მირილაშვილის გამოსვლის სრული ტექსტი იხილეთ აქ.

მიკროფონთან იწვევენ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ზეევ ელკინს: ჩვენო ძვირფასო სტუმრებო, ძალიან გვიხარია თქვენი ისრაელში ჩამობრძანება. საქვეყნოდაა ცნობილი ქართველი და ებრაელი ხალხების მეგობრობის ამბავი. რამდენჯერაც კი შევესწარი თქვენს შეხვედრებს,იმდენჯერ დავრწმუნდი, რომ ამ ორი ხალხის მეგობრობის მაგალითზე სხვებმაც უნდა ისწავლონ ადამანიების სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. მე მიხარია ამის დანახვა, ეს საოცარი რამ გაგაჩნიათ ორივე ხალხს. დაე, არასოდეს დამთავრებულიყოს. მე იმედი მაქვს, რომ თქვენი ვიზიტი, ბატონო პრემიერო, სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისთვის. გისურვებთ წარმატებებს.

ცოტაოდენი მუსიკალური შესვენების შემდეგ მიკროფონთან მიდის ბიძინა ივანიშვილი და თბილი ხმით მიესალმება პირველ რიგში გაბრიელ მირილაშვილს და გულითადად ულოცავს შვილიშვილის ვაჟის შეძენას, როსელსაც მიენიჭა დიდებული ბაბუის, სემკ ას დამაარსებლის მიშიკო მირილაშვილის სახელი. პრემიერი მის გვერდით მდგარ, უკვე ორი შვილიშვილის ბედნიერ ბაბუა გაბრიელს საჩუქრად გადასცემს შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანს ბავშვებმა ქართული ენა რომ არ დაივიწყონო...

ჩემო ტკბილო და ძვირფასო ხალხო! მე ბედნიერი ვარ დღეს თქვენს შორის რომ ვიმყოფები და მინდა იცოდეთ უთქვენოდ საქართველო მოწყენილია, თქვენ იქ ყოველთვის მოგელიან. იცით, რატომ? იმიტომ, რომ თქვენ არასდროს გიღალატიათ საქართველოსთვის, ბოლომდე ერთგულნი იყავით. თქვენ ძალიან ნიჭიერი ხალხი ხართ. არა ერთეულები, არამედ მთელი მასები, ამიტომ მასობრივად გვიყვარხართ. სადაც მიდიხართ, იმ ადგილს აყვავებთ, ყველგან ახერხებთ მეგობრების შეძენას. ამიტომაც დიდ პატივს გცემთ. ისრაელი ბრწყინვალე ქვეყანა ყოფილა, ძალიან მომეწონა. ამ ხრიოკ მიწაზე ეს რა სამოთხე შეგიქმნიათ. გაიმარჯვეთ ამ საოცარ ქვეყანაში და ხშირად გაგვახარეთ თქვენი სტუმრობით საქართველოში.

საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი დამსწრეთა ტაშის გრიალში საქართველოს მთავრობის მეთაურს - ბიძინა ივანიშვილს გადასცემს კონგრესის უმაღლეს ჯილდოს მიშიკო მირილაშვილის სახელობის ოქროს მედალს და კიდევ ერთხელ ულოცავს ისრაელში ჩამოსვლას.

საქართველოს დელეგაციის წევრები ისრაელ მეგობრებთან ერთად ილხენდნენ და მთელი გრძნობით სვამდნენ ორი ხალხის სადიდებელ სადღეგრძელოს. სცენაზე ერთმანეთს სცვლიდნენ საქართველოსა და ისრაელის მომღერლები: სარით ხადადი , ლელა წურწუმია, მორან მაზორი, თემურ წიკლაური, მერაბ სეფაშვილი, კაკული და მიშელ მიხელაშვილები და სხვა; რამდენიმე ვოკალური ანსამბლი ცნობილი მოცეკვავეების თანხლებით...

საქართველოს პრემიერის ისრაელში პირველი ვიზიტის აღსანიშნავი საზეიმო საღამო საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. სადღეგრძელოებს ბოლო არ უჩანდა და არც წასვლას არავინ ჩქარობდა, თუმცა, შუაღამე კარგად გადასულიყო... ჭეშმარიტ მეგობრებს ხომ ყოველთვის უჭირთ განშორება. ეს მშვენიერი და კეთილი ენერგიებით დატვირთული საღამო ფუნდამენტური მეგობრობისა და ორი ძველი კულტურის მქონე ხალხის შესანიშნავი ურთიერთკავშირის კიდევ ერთ გამოვლინებად გადაიქცა.

იზოლდა კრიხელი

24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013
24-6-2013 24-6-2013









facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3