// 22.11.2019 12:28 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ისტორია  


შავუოთი




შავუოთი შავუოთი თორის მიღების დღესასწაულია. ებრაელ ხალხს სამი მთავარი დღესასწაული აქვს: ფესახი, შავუოთი და სუქოთი. შავუოთს განიხილავენ როგორც ფესახის დღესასწაულის გაგრძელებას. თუ ფესახმა ებრაელ ხალხს მისცა თავისუფლება და ეროვნული აღიარება, თორის მიღებამ გადაარჩინა იგი ზნეობრივი გახრწნისა და ეროვნული დაღუპვისაგან. თორის მიღება სინაის მთაზე წარმოადგენს ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლების საბოლოო დაგვირგვინებას. ამ აზრს ავითარებენ უდიდესი მეკვლევარები და კომენტატორები.

ჯერ კიდევ თავისი მისიის დასაწყისში, მოშე რაბეინუმ გამჩენისაგან მოისმინა სიტყვები: "როცა შენ გაიყვან ხალხს ეგვიპტიდან, თქვენ შეასრულებთ უფლის სამსახურს ამ მთაზე. "

ისრაელებმა უფლის სამსახურის შესრულება იმით გამოხატეს, რომ იდგნენ სინაის მთაზე და მიიღეს თორა ძლიერი ელვაჭექისა და თვალისმომჭრელი სანახაობის პირობებში. ეგვიპტიდან გამოსვლა და თორის მიღება, ეს იყო მონობიდან ფიზიკური და სულიერი განთავისუფლება.

თორის მიღების დღედ აღიარებულია შაბათი. კომენტატორები ამას შემდეგ ნაირად ხსნიან: ღმთს რომ სხვა დროს მიეცა თორა ებრაელებისათვის, შეიძლება ზოგიერთებს ეფიქრათ რომ, რაკი შაბათი დასვენების დღეა, ამ დღეს არც თორის შესწავლა არ შეიძლებაო. და ვინაიდან სწორედ შაბათს მოხდა თორის მიღება, ამით უღალმა აგრძნობინა ებრაელებს, რომ არა თუ ნებადართული, არამედ სავალდებულოც არის თორის შესწავლა და გამჩენისადმი სამსახური.

ებრაელები თორის მიღებას დღესასწაულობენ იმიტომ, რომ თორამ მისცა მათ პატიოსნების, მორალისა და სამართლიანობის მცნებები. აი, თორის ათი მცნება, რომლებიც გამჩენმა მისცა ებრაელებს:

1. მე ვარ უფალი, ღმთი შენი.
2. ნუმც გეყოლება შენ სხვა ღმერთები.
3. არ დაიფიცო ტყუილუბრალოდ გამჩენის სახელი.
4. დაიცავი შაბათი დღე.
5. პატივი ეცი გენს მშობლებს.
6. არავინ მოჰკლა.
7. არ იმრუშო.
8. არ იქურდო.
9. ცრუ მოწმედ არ დაუდგე შენს მახლობელს.
10. არ მიითვისო სახლი შენი მოყვასისა და არც სხვა რამე მისი კუთვნილი.

თორა არის სამართლიანობის სიმბოლო. ფილოსოფოსი ჰაქსლი მე19 საუკუნის დასასრულს წერდა: დასავლეთის მთელი ისტორიის მსვლელობაში თორა იყო ის უდიდესი ზარი, რომელიც მოუწოდებდა სულიერი და პოლიტიკური ტირანიის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ. თორა თავისუფლებას ასწავლიდა ჩაგრულებსა და ღარიბებს, დღემდე არც ერთ ქვეყანაში ჯერ არ შეუქმნიათ ისეთი კონსტიტუცია, რომელიც ისე იზრუნებდა ადამიანთა კეთილდღეობისათვის და ისე ხაზგასმით აღნიშნავდა მმართველი წრეების მოვალებას ხალხის წინაშე, როგორიც ესაა მოცემული ებრაელი ხალხის კონსტიტუციურ წიგნში განსაკუთრებით ლევების წიგნში. თორის დიდ აზრობრივ სიღრმეზე მოგვითხრობს რაბი იეშუას ხატოვანი გამოთქმა: "მთელი ზღვები რომ მელნად იქცნენ, მთელი ლერწმები კალმებად, ცა პერგამენტად და ყველა ადამიანი მწერლად, მაინც ვერ შეძლებენ თორის სიბრძნის გადმოცემას."

ამდენად, შავუოთის დღესასწაული თორის მიღების დღესასწაული, წლიდან წლამდე შეგვახსენებს სინაიში მომხდარ საოცრებას, რომელმაც დასაბამი მისცა ჩვენი არსებობის მარადიულობას.






facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3