// 23.05.2019 11:47 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     სემკ-ის საქმიანობა  


ბაბი იარის ტრაგედიის 70 წლის აღნიშვნა იერუსალიმში




ბაბი იარის ტრაგედიის სამოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება იერუსალიმის "იად ვაშემის" მემორიალურ მუზეუმში

ბაბი იარი - ადგილი კიევის განაპირა უბანში. ისტორიულ წყაროებში იგი 1401 წლიდან იხსენიება. 1869 წლიდან აქ საზაფხულო სამხედრო ბანაკი ყოფილა, 1896 წელს კი დივიზიის ეკლესია გახსნილა. აქვე იყო ეგრეთ წოდებული ლუკიანოვების სასაფლაოც, რომელიც 1870 წლიდან მოქმედებდა.

1941 წლის 19 სექტემბერს გერმანელებმა კიევი აიღეს და ბაბი იარი მასობრივი დახვრეტების ზონად იქცა.

1941 წლის 29 სექტემბერს, ქიფურის დღეს, ფაშისტებმა აქ მშვიდობიანი ებრაელი მოსახლეობის არნახული სასაკლაო მოაწყეს. ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს დახვრეტილთა რიცხვი 33771 კაცს შეადგენდა. ორი წლის განმავლობაში ეს რიცხვი 621000 კაცამდე გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ კიევი გერმანელებმა 1942 წლის 10 იანვარს დატოვეს... ომის შემდეგ, მთელი 50 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ოფიციალური წრეები ყოველნაირად ცდილობდნენ, მიეჩქმალათ ბაბი იარის ხოცვა-ჟლეტის ფაქტი (ებრაელი მოსახლეობის განადგურებას ნაცისტებთან ერთად ადგილობრივი პოლიციაც მოთავეობდა), კომუნისტური იმპერიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი კი გვერდს უვლიდა დანაშაულის ეთნიკურ მხარეს და ებრაელთა ამ არნახულ გენოციდს მშვიდობიანი საბჭოთა მოქალაქეების ტრაგედიად~ იხსენიებდა. დახოცილთა სამარხებზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობითა თუ სხვა ცინიკური ხერხებით ხელისუფლება ცდილობდა, თვალი აეხვია მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის - ვიდრე ერთ დღეს მშენებარე ობიექტი არ ჩამოიქცა და მშენებლები თან არ ჩაიტანა.

მაგრამ ინტელიგენციამ მაინც თქვა თავისი სიტყვა: ცნობილმა რუსმა პოეტმა ევგენი ევტუშენკომ 1961 წელს გამოაქვეყნა ბაბი იარის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ლექსი `ბაბი იარი. ლექსის პუბლიკაციას ფართო საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, რამაც მმართველი პარტიული ელიტის, მეტადრე კი ხრუშჩოვის, გულისწყრომა გამოიწვია. ლექსის მოტივებზე საუკუნის უდიდესმა კომპოზიტორმა დიმიტრი შოსტაკოვიჩმა შეთხზა თავისი მე-13 სიმფონია, რომელიც, ლენინგრადის ბლოკადისადმი მიძღვნილ მის მე-7 სიმფონიასთან ერთად, სამამულო ომის თემაზე შექმნილი ერთი ყველაზე მკაფიო და შთამბეჭდავი მუსიკალური დოკუმენტია. პირველი შესრულების შემდეგ (1962 წ.) იგი კარგა ხანს აღარ აჟღერებულა. მიუხედავად ამისა, ქიფურის დღეებში უკრაინის ებრაელობა მაინც იკრიბებოდა ბაბი იართან და ერთდღიანი შიმშილით, როგორც ამას ტრადიცია მოითხოვს, და სულის მოსახსენებელი ლოცვებით პატივს მიაგებდა დახოცილთა ხსოვნას. მათ კვალდაკვალ, ამერიკის ებრაელობა გაერთიანებული ერების შენობასთან მართავდა შესაბამის აქციებს.

1991 წელს, ბაბი იარის ტრაგედიის 50-ე წლისთავზე, გენოციდის მსხვერპლთა საერთაშორისო ხსოვნის დღეებში, უკრაინის სახელმწიფოს იმჟამინდელმა მეთაურმა ლეონიდ კრავჩუკმა სამძიმარი გამოთქვა მსოფლიო ებრაელობის მიმართ და თავისი ხალხის სახელით საქვეყნოდ მოიხადა ბოდიში იმ შემზარავი დანაშაულისათვის, 1941 წლის სექტემბერში მის მიწაზე რომ დატრიალდა...

ამ შემზარავ ფაქტებზე იყო ლაპარაკი ამას წინათ (6/10/2011) იერუსალიმში ბაბი იარის ტრაგედიის სამოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც `იად ვაშემის მემორიალურ მუზეუმში დაიწყო და თეატრონის დიდ საკონცერტო დარბაზში დასრულდა.

ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და თანადამფინანსებელი იყო საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი, რომელიც იერუსალიმში იმ დღეს ათკაციანი დელეგაციით იყო წარმოდგენილი (ხელმძღვანელი სემკ-ის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი). ანალოგიურ ღონისძიებაში სემკ-ს ადრეც მიუღია მონაწილეობა, იქნებოდა ეს `იად ვაშემის ეგიდით მოწყობილი ღონისძიება (მაგ., გასულ, 2010 წელს), თუ საკუთრივ კონგრესის გაზეთ `მოამბეში გამოქვეყნებული ვრცელი მასალა ბაბი იარის ტრაგედიასთან დაკავშირებით...

მემორიალური კომპლექსის ერთ-ერთ დარბაზში, სადაც ტრადიციულად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი რიტუალი ტარდება, ასობით ადამიანს შეეყარა თავი აქ იყვნენ მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები, სახელმწიფოთა ელჩები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სათვისტომოები.

საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის სახელით, საფლავი გვირგვინით შეამკო კონგრესის პრეზიდენტმა გაბრიელ მირილაშვილმა.

კანტორმა წაიკითხა დაღუპულთა სულების მოსახსენებელი ლოცვები `კადიში და `ელ მალე რახამიმ.

ამის შემდეგ ღონისძიებამ იერუსალიმის თეატრონის ხალხით გადაჭედილ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე პირველი წარდგა უკრაინიდან გამოსულთა სრულიად ისრაელის გაერთიანების თავმჯდომარე დავიდ ლევინი ღონისძიების მთავარი ორგანიზატორი რომელმაც ერთხელ კიდევ შეახსენა მსმენელებს ბაბი იარის საშინელებები და საგანგებოდ გაუსვა ხაზი მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში მან მადლობით მოიხსენია საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი და მისი პრეზიდენტი, რომელმაც ქმედითი მონაწილეობა მიიღო ღონისძიების მომზადებაში. ანალოგიური შინაარსით იყო გამსჭვალული თელ ავივის მთავარი რაბინის რავ ლაუს გამოსვლა, რომელმაც თავისი სიღრმითა და მასშტაბურობით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა აუდიტორიაზე.

ღონისძიების დასკვნითი, შემაჯამებელი აკორდი იყო ისრაელის პრეზიდენტის შიმონ პერესის ვრცელი სიტყვა, რომელმაც მაღალი ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ახსენა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი, რის შემდეგაც ოფიციალური ნაწილი დასრულდა და სცენა ხელოვნების ოსტატებს დაეთმო...

ჯემალ აჯიაშვილი








იერუშალაიმის თეატრში. წინა პლანზე: გაბრიელ მირილაშვილი, პრეზიდენტი შიმონ ფერესი და მთავრობის წევრები







facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3