|
|
|
|
არონ კრიხელი - მწერალი, პოეტი, ბრწყინვალე მეცნიერი-მკვლევარი, არქეოლოგი - დაიბადა 1906 წელს ქ.ცხინვალში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტს, შემდეგ ასპირანტურას. 1933 წელს დაარსდა საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომლის დირექტორადაც დაინიშნა არონ კრიხელი. იგი მუზეუმის მუშაობას ხელმძღვანელობდა 1949 წლამდე. 1949 წელს არონ კრიხელი დააპატიმრეს და მიუსაჯეს 10 წელი. 1954 წელს ა.კრიხელი ციხიდან გამოუშვეს, შემდეგ კი გაამართლეს. მუზეუმი აღარ არსებობდა. არონ კრიხელი განაგრძობდა ებრაულ თემაზე მუშაობას. შეადგინა ქართულ-ებრაულ-რუსული ლექსიკონი 15 000 სიტყვით და ქართულ-ებრაული სასაუბრო. 1971 წელს არონ კრიხელი ოჯახით ამოვიდა ისრაელში; დასახლდა იერუსალიმში, სადაც მოიწვიეს უნივერსიტეტში სამუშაოდ. გამოაქვეყნა შრომები საქართველოსა და სომხეთის ებრაელთა შესახებ. 1973 წელს მონაწილეობა მიიღო იუდაისტთა საერთაშორისო კონგრესში, რომელიც იერუსალიმში შედგა და წაიკითხა ორი მოხსენება. მიუხედავად შერყეული ჯანმრთელობისა, არონ კრიხელი მიუხედავად მუშაობას განაგრძობდა ჩვეული გულმოდგინებით. მას ბევრი კარგი ჩანაფიქრი ჰქონდა, რომლებსაც, თურმე, ასრულება არ ეწერა. 1974 წლის 31 მაისს არონ კრიხელი გარდაიცვალა. . წავიდა ჩვენგან ერის და თემის წინაშე ვალმოხდილი კაცი, არონ კრიხელი, რომლის სახელი გარკვეული ეპოქაა ქართველ ებრაელთა ისტორიაში. |