// 19.09.2019 01:59 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


18 სეფერ-თორის შებრძანება თელ-ავივის სალოცავში


1-6-2010

საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი, შეიძლება ითქვას, მიზანმიმართულად მიჰყვება ერთხელ აღებულ კურსს სულიერების წინა პლანზე წამოწევის, რელიგიის პრიორიტეტის ხაზგასმის, თორის სიბრძნესთან ზიარების, სეფერ-თორის `მომაღლების, სალოცავების რესტავრაციისა და შენების, ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი სიწმინდის იმ საფუძველთა საფუძვლის გაძლიერების კურსს, რაზედაც დგას ქვეყნიერება, რითაც უნდა აღიჭურვოს და გაძლიერდეს ახალი თაობა, და, მაშასადამე, ჩვენი ქვეყნის მომავალიც.

სულ მცირე ხანი გვაშორებს `სემკის~ პირველი პრეზიდენტის მოშე მირილაშვილის ამ შესანიშნავი მამულიშვილის გარდაცვალების წლისთავიდან, გოდების კედელთან მის სახელზე გამართული გრანდიოზული ღონისძიებიდან სამი წმინდა სეფერთორის შებრძანების დაუვიწყარი დღიდან.

და აი, სულ ახლახან, თელ ავივში, უკვე მეორე, არანაკლები მნიშვნელობის ღონისძიებამ შეძრა ჩვენი, და არამარტო ჩვენი, თემის სულიერი სიმები 18 სეფერთორა ! იქნა შებრძანებული იმ საღამოს თელ ავივის ამ მჭიდროდ დასახლებული რაიონის ულამაზეს ბეით-ქნესეთში, რომელიც ამიერიდან და აწ და მარადის მოშე მირილაშვილის სახელობის სულიერ ტაძრად იქნება სახელდებული.

გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ სიმართლე შეედრება რაიმე გამჩენის სამსახურში დახარჯულ დროს, სახსრებს, გარჯას... რაც არ უნდა ვთქვათ, როგორც არ დავძაბოთ გონება, ყოველივე ტყუილია, მოგონილია ეს უწყიან კონგრესის დღევანდელმა მესვეურებმა, და კარგია, რომ უწყიან, ვინაიდან, როგორც ღიმილი შვიდგზის [`შივათაიმ] დაუბრუნდება მომღიმარს, ასევე `მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის მოგხედავს, რამეთუ იგი არასოდეს დაუშვებს წმინდანის დაცემას.

მოშე მირილაშვილი რწმენის კაცი ბრძანდებოდა. მისი უპირველესი საზრუნავი ღმერთის სამსახური იყო და მხოლოდ ამის მერე ყველა დანარჩენი. ასევე ირჯებიან მისი ძენი და შთამომავალნი, მისი დიდი `მიშფახა და გამჩენიც მათთანაა. მძლავრობს დიდებული გენი და არ ივიწყებს ჭეშმარიტ მსახურებას ღვთისას: `ხოლო შენი სიმართლე, ღმერთო, ზეცამდეა, რომ ჰქმენ საქმენი დიდნი.

`შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად... `მეც მადლობას შემოგწირავ ებნის საკრავით, ვადიდებ შენს ჭეშმარიტებას, ღმერთო, გიგალობებ ქნარით, წმინდანო ისრაელისა... `იხარებენ ჩემი ბაგეები, როს გიგალობებენ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ დაიხსენი...

ბაალეი ჰამელახას ქუჩის შემოგარენი იმ დღეს, პირველ ივნისს, დიდძალი ხალხით გადაიჭედა; ვის არ შეხვდებოდით აქ ჩვენი თემის ცნობილ წარმომადგენლებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოფრენილ სტუმრებს მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, თბილისიდან, ამერიკიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ჰონკონგიდანაც კი... ძნელია თანმიმდევრულად აღწერა ყოველივესი, რაც მაშინ, იმ დღეს იქ ხდებოდა. ვხედავდი მოხუცებს, ფეხზე რომ ძლივს იდგნენ, ხეიბრებს, სეფერ-თორისთვის არამცთუ ხელის შეხება, თვალის ერთი შევლებაც რომ დიდ მიცვად მიაჩნდათ.

...ვიხსენებ, ერთ მომენტში ხალხის სალოცავში შეშვება საკმაოდ გაჭიანურდა, ამინდიც მაინცდამაინც არ იყო `მოხერხებული,~ ხამსინი აშრობდა ყელს. მაგრამ გამაკვირვა ერთი დარბაისელი ქალბატონის სიბრძნემ: ჩვენ, ისრაელებს, იოლად არაფერი გვეძლეოდა, და ესეც სიმბოლურია, რომ სეფერ-თორების ხელშესახებად რიგში ვდგავართ; გამჩენი ჩვენს მოთმინებას კიდევ ერთხელ ამოწმებსო...

ჰა-მალახას ქუჩა იმ დღეს კიდევ დიდხანს იხმაურებს, სეფერთორების ეს გრანდიოზული `შებრძანებაც მოვლენად იქცევა თელ ავივის ამ მჩქეფარე და ხალხმრავალი რაიონისთვის.

გავა წლები, ათეული წლები, საუკუნეები, თაობები მოვლენ და წავლენ, დავიწყების მსახვრალი ხელი შემუსრავს ყველას და ყველაფერს, მაგრამ სანამ არსებობს კაცობრიობა და სულიერება, იქნება თორა, იქნება წმინდა წიგნები და სეფერ-თორებში ამოტვიფრული ღვთიური სიტყვები. და ამ ფონზე დიდებული სალოცავი თელ ავივის ცენტრში, ქართველ ებრაელთა უკვდავებად აღმართული ბრწყინვალე ძეგლი, როგორც სიდიადე ღვთისაგან რჩეული ერის ერთი პატარა, მაგრამ მძლავრი შტოსი და ამ შტოს ღირსეული შვილის _ მოშე მირილაშვილის გაგრძელებული სიცოცხლე, ამჯერად უკვე სულიერების მარადიულ ტაძარში...

ნუგზარ ჯანაშვილი








facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3