// 22.11.2019 12:58 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ისტორია  


ეგვიპტიდან გამოსვლის ისტორიული ასპექტები




კარგა ხნის მანძილზე მეცნიერებს სარწმუნოდ არ მიაჩნდათ ეგვიპტის მონობიდან ებრაელთა გამოსვლის ამბავი. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ამტკიცებდა, თითქოს ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში საერ-თოდ არ არსებობდა ებრაელი ხალხი. თანახის მიხედვით, სწორედ მეორე ათასწლეულში [ებრაული კალენდრით] მოხვდნენ ებრაელები ეგვიპტის მონობაში. ასეთ მკვლევართა მისამართით ერთ-ერთი გერმანელი ისტორიკოსი წერდა: შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ამა თუ იმ ხალხმა თავის თავს მიაწეროს სანაქებო საქმეები, მაგრამ ვერავითარ ლოგიკას ვერ ვხედავ იმაში, რომ ერმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოგვითხროს, რომ მათი წინაპრები მონებად იყვნენ უცხოეთში.

კამათი ეგვიპტიდან გამოსვლის უტყუარობის ირგვლივ გამოწვეული იყო იმით, რომ იმ პერიოდში მეცნიერებს ჯერ კიდევ არ გააჩნდათ სა-თანადო დოკუმენტაცია, რომელიც შუქს მოჰფენდა ისტორიულ სინამდვილეს. და რაკი სხვადასხვა ხალხების მემატიანეები, არცთუ იშვიათად, თავიანთ ფანტაზიას ეყრდნობოდნენ, მეცნირებს ეგონათ, რომ ცნობები ებრაელთა ისტორიიის შესახებ მხოლოდ მეოცნებე-თა შეთხზული იყო.

ეგვიპტოლოგიის აღმოცენების შემდეგ მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა. ფრანგმა ეგვიპტოლოგმა შამპოლიონმა გაშიფრა ძველეგვიპტური იეროგლიფები და ებრაელთა გამოსვლის ეპიზოდებსაც ფარდა აეხადა. Aარქეოლოგიურმა გათხრებმა სინათლე მოჰფინა მიწაში ჩამარხული პაპირუსების საიდუმლოს. მაგრამ ახალ აღმოჩენებთან ერთად ჩნდებოდა ახალი პრობლემებიც: დასაზუსტებელი იყო, თუ სახელდობრ როდის გამოვიდნენ ებრაელები ეგვიპტიდან და ვინ იყო ის ფარაონი რომელმაც ებრაელები გამოუშვა.

ეს საკითხი შედარებით იოლად გადაიჭრა, როცა გამოჩენილმა ეგვიპტოლოგმა ფლინდერს პეტრიმ სამხრეთ ეგვიპტის ქალაქ ნევე-ამონში აღმოაჩინა ეგვიპტელთა გამარჯვების ობელისკი, რომელიც აღმართული იყო ფარაონ მერნეპტაჰის მიერ, ძველი წელ-თაღრიცხვის დაახლოებით 1230 წელს. ობელისკი მოგვითხრობს ფარაონ მერნეპტაჰის ძლევამოსილ ლაშქრობაზე ქანაანელთა წინააღმდეგ: ქანაანი და მთელი მისი უკეთური მოსახლეობა დამორჩილებულია, აშქელონი აღებულია, გეზერი ჩვენს ხელთაა, ისრაელი კი მთლიანად განადგურებულია, მისი კვალიც აღარ დარჩა.

ეს არის პირველი არაებრაული ძეგლი, სადაც ისრაელი მისი ნამდვილი სახელითაა ნახსენები, რაც იმას მოწმობს, რომ უკვე 1230 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ესე იგი მსაჯულ-თა ეპოქის დასაწყისში, იგი უკვე ცნობილი იყო და ქანაანში ცხოვრებასაც საკმაოდ დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. როგორც ჩანს, მერნეპტაჰმა მარ-თლაც დალაშქრა ქანაანის ქალაქები, მაგრამ რაც შეეხება ისრაელის მთლიანად განადგურებას, ეს მის თავშეუკავებელ ფანტაზიას უნდა მივაწეროთ...

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: ეგვიპტიდან გამოსვლა ამ თარიღამდე დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო, ვინაიდან ქანაანში ებრაელები ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ დამკვიდრდნენ. სწავლულები ვარაუდობენ, რომ ეს მოხდა მერნეპტაჰის მამის რამზეს II მეფობისას და თავიანთ მოსაზრებას ზურგს უმაგრებენ ფრანგი მეცნიერის ნავილის გამოკვლევებით, რომელიც მან ამ ასი წლის წინ ჩაატარა მდინარე ნილოსის დელტაში. გათხრების შედეგად მან აღმოაჩინა ორი უძველესი ქალაქის ნაშთები უზარმაზარი საწყობებით. ორივე ქალაქი აგებულია ფარაონ რამზეს მეორის ეპოქაში.

Nნავილი მიიჩნევდა, რომ მის მიერ აღმოჩენილი ქალაქები იყო პიტომი და რამზესი, რომლებიც ებრაელებმა აუგეს ფარაონს. თვით სახელი რამზესი თანახში ორჯერაა ნახსენები ბერეშითის 47-ე თავის მე-11 მუხლში და შემოთის პირველი თავის მე-11 მუხლში. არსებობს სხვა დოკუმენტებიც, რომლებიც მოგვითხრობენ, რომ რამზეს II ხანაში ხაპრუები იძულებული იყვნენ, სასახლეები აეგოთ ფარაონისთვის; ხაპრუები კი ებრაელები იყვნენ. აქედან დასკვნა _ სწორედ რამზეს II აი-ძულა ებრაელები მონურად ემუშავათ.

მისი მეფობის დროს ებრაელები გამოვიდნენ ეგვიპტიდან, ხოლო მისი ვაჟიშვილის ზეობისას ისინი უკვე ქანაანის მკვიდრი მოსახლენი იყვნენ. მაშ, როდისღა ააგეს ებრაელებმა პიტომი და რამზესი? საგულდაგულო გამოკვლევები ადასტურებენ, რომ ეს თეორია არ შეესაბამება არც თანახს და არც იმ ეპოქის სხვა წყაროებს. თანახის მიხედვით, პიტომი და რამზესი შენდებოდა მონობის პერიოდის დასაწყისში და არა ბოლოში, უშუალოდ ეგვიპტიდან გამოსვლის წინ. მართალია რამზეს II მეფობა ძალიან ხანგრძლივი იყო და 65 წელიწადს მოიცავს, მაგრამ ძნელია დროის ამ მონაკვეთში ჩავტიოთ მონობის ხანის უმეტესი ნაწილი, ეგვიპტიდან გამოსვლა, ორმოც წელიწადს უდაბნოში ხეტიალი, ქვეყნის დამორჩილება და იქ დასახლება. რამზეს მეორის შვილის - მერნეპტაჰის დროს კი ებრაელები ქანაანის მკვიდრი მოსახლეები იყვნენ.

რამზეს II მეტად აგრესიული ფარაონი იყო. იგი ხშირად ეომებოდა სირიას და თავს ესხმოდა ქანაანის მიწას, - დაამარცხა ამორეელები, ლიბანის ქედებზე რომ ცხოვრობდნენ, დაიმორ-ჩილა სიდონის ქალაქები, ბოლოს შევიდა ბეთ-შეანში და თავის თავს დაუდგა ძეგლი ბაშანის მიწაზე. ასეთი მძლავრი დამპყრობლის პერიოდში მეცნიერებს ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლა საეჭვოდ მიაჩნიათ. ასეთ ვერსიას თორის ქრონოლოგიაც ეწინააღმდეგება. მეფეთა მესამე წიგნში ლაპარაკია მეფე შელომოს გამეფების მეოთხე წელიწადზე, ტაძრის კურთხევაზე და აღნიშნულია: ისრაელის ძეთა ეგვიპტიდან გამოსვლიდან 480 წლის შემდეგ დაიწყო მან ღვთისათვის ტაძრის აგება. ტექსტის თანახმად, ეგვიპტიდან გამოსვლა მოხდა მეთხუთმეტე საუკუნის ბოლო ათწლეულში ჩვენს ერამდე. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვი-ძლია ვივარაუდოთ, რომ ებრაელები ეგვიპტიდან გამოვიდნენ ფარაონ თუთმოს მეოთხის დღეებში, რომლის მეფობაც ხანმოკლე იყო. თუთმოსის შემდეგ მეფობდნენ ფარაონები ამენხოტეპ მესამე და ამენხოტეპ მეოთხე.

არც ერთს და არც მეორეს ქანაანის ამბები არ აინტერესებდა. ამიტომ, მათი მეფობის პერიოდში ებრაელების მიერ ქანაანის ტერიტორიის დაპყრობა სავსებით სარწმუნოა.

თამარ კეზერაშვილი




facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3