// 22.11.2019 12:28 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ისტორია  


შაბათი




იუდაიზმის თემაზე (რუბრიკა)

უძველესი დროიდან ებრაელი ხალხი შაბათს განიხილავდა, როგორც გამჩენის მიერ ნაჩუქარ დიდ ჯილდოს, როგორც ნიშანს ღმ-თისა და ხალხის კავშირისა.

სულ სხვა იქნებოდა ისრაელის შვილთა ბედი შაბათი, რომ არ იცავდეს მათ. არც ერთ დღესასწაულში ისე მკაფიოდ არ იგრძნობა ებრაელობის არსი, მისი დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა და იდეალები, როგორც ამ წმინდა დღეს.

კვირის მეშვიდე დღე ყოველთვის ითვლებოდა არა მარტო ყოველდღიური მძიმე შრომისაგან დასვენების დღედ, არამედ უფრო ფართო მნიშვნელობის ფაქტორად, სულიერი ამაღლებისა და სიმშვიდის მომნიჭებელ გარემოებად. სიტყვა შაბათი ებრაელის შემეცნებაში უკავშირდება სისუფთავესა და სიწმინდეს, სილაღესა და სიმხიარულეს.

რამდენი ჯაფა და უსიამოვნებაც არ უნდა გადაიტანოს კაცმა კვირის პირველი ექვსი დღის განმავლობაში, შაბათის დადგომისთანავე ავიწყდება მას ყველაფერი. შაბათს ებრაელი ეძლევა ნეტარებასა და სიამოვნებას. ისევე როგორც შორი გზიდან ფეხით მომავალი მგზავრი ხანგრძლივი გაჩერებებისა და მხრებიდან ტვირთის მოხსნის შემდეგ გრძნობს შვებას, ამქვეყნიური საქმეებისაგან დაღლილი ებრაელიც შაბათ საღამოდანვე განიცდის სულიერ და ფიზიკურ შემსუბუქებას, შაბათი - ესაა ერთგვარი რეგულარული საპატიო შესვენება ისტორიული დროის უსასრულო რბოლის გზაზე, შესვენება, რომელიც გამჩენმა აკუთვნა ებრაელებს თავიანთი ფიზიკური დასულიერი ძალების კვლავ აღდგენისა და გადახალისებისთვის ებრაელებისთვის შაბათი - ეს არის საიმედო თავშესაფარი ბოროტებითა და გაუტანლობით სავსე წუთისოფლისაგან. შაბათს ებრაელები დროებით ივიწყებენ ყველა ამქვეყნიურ საზრუნავს, ივიწყებენ დარდსა და წყენას, არ აკეთებენ არავითარ საქმეს. ერთი სიტყვით, შაბათი მათთვის მხოლოდ დასვენებისა და განცხრომის დღეა.

ყველა თაობაში იცოდა ჩვენმა ხალხმა, რომ შაბათი წარმოადგენს ჯანმრთელობის წყაროს, შრომითი ძალების აღდგენისა და მარადიული განახლების წყაროს. უფრო მეტიც - შაბათი ესაა ებრაული ეროვნული თვითშეგნების წყარო, ჩაგრული და დევნილი ხალხის ნუგეშის წყარო.

შაბათის სანთლის შუქი იმედს ჰფენს ყოველი ებრაელის სულსა და გულს. შაბათს გააჩნია უდიდესი ესთეტიკური ძალა. ყოველგვარ ცხოვრებისეულ მოვლენაში შთამბეჭდავად ჩანს და იგრძნობა შაბათის მომხიბვლელობა და მიმზიდველობა - ჩაცმულობაში, მიხვრა-მოხვრაში, ყოფაქცევაში, საჭმელ-სამელში, ადამიანთა ურთიერთობაში და ასე შემდეგ. თავისი განსაკუთრებული სიმშვენიერისა და სინატიფის გამო შაბათს პატარძალი შეარქვეს - ბოი ქალა, ბოი ქალა - მობრძანდი პატარძალო.

დაიცავი შაბათი დღე - ასეა ნათქვამი ებრაელებისთვის გამჩენის მიერ ნაკარნახევ ათ მცნებაში. და მართლაც, ებრაელი ხალხი იცავდა და იცავს შაბათს, ხოლო შაბათი იცავს ებრაელებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ შაბათმა გადაარჩინა ჩვენი ხალხი ფიზიკური და სულიერი განადგურებისაგან, რადგან შაბათი უმსუბუქებდა მათ ცხოვრებისეულ ტანჯვას, მრავასაუკუნოვანი განდევნილობის სიდუხჭირეს. შენმთხვევითი როდია, რომ ებრაელთა ყველა მჩაგვრელი და მტერი ცდილობდა შაბათის გაუქმებას, ვინაიდან შაბათში ისინი ხედავდნენ ებრაელთა ხსნის წყაროს. ისინი გრძნობდნენ, რომ სანამ ებრაელებს შაბათი გააჩნიათ, არავითარ ძალას არ ძალუცს მათი დათრგუნვა. ეგვიპტის ფარაონმაც კი იცოდა, რომ შაბათი ძლიერების, სიმშვიდისა და ჯანმრთელობის იარაღია ჩვენი ხალხისათვის, რომ შაბათი თავისუფლების ფრთებს ასხამს ებრაელებს და ამიტომ მათი მთლიანი დამორჩილება შეუძლებელია მანამ, სანამ ისინი იცავენ შაბათს. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, როგორები იქნებოდნენ ებრაელები შაბათის გარეშე. შაბათს, რომ არ დაესვენათ, შაბათის მოახლოების იმედით, რომ არ შეემსუბუქებინათ თავიანთი მძიმე შრომის ტვირთი, განა ფიზიკურად და სულიერად ასე ჯანსაღ შთამომავლობას შექმნიდნენ? თვით ებრაელთა ტვინზე და დიდ ნიჭიერებაზეც უდავოდ გავლენა აქვს შაბათს, ვინაიდან ადამიანის ტვინს რეგულარულად სჭირდება განტვირთვა. ადამიანს სჭირდება თავისუფლება, მაგრამ ნამდვილი თავისუფლების შეგრძნება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა დროებით უარს ვამბობთ დაუსრულებელ შრომაზე და გაუთავებელ გართობებზე. ჭეშმარიტი თავისუფლება შეიძლება ჰქონდეს არა იმას, ვინც აკეთებს ყველაფერს, რაც მოეპრიანება, არამედ იმას ვისაც შეუძლია დარჩეს სავსებით ბუნებრივი, ისეთი, როგორიც იგი ქვეყნის შემოქმედმა შექმნა.

ჩვენს სულს ჰაერივით ესაჭიროება შაბათი, როგორც პატარა გადამრჩენელი კუნძული ათასგვარი საქმიანობის მშფოთვარე ზღვაში.

თუ ჩვენ არ გვინდა, რომ თავიდან ფეხებამდე ჩაგვყლაპოს ყოველდღიური საქმეებისა და გართობა-დროსტარების ორომტრიალმა, თუ არ გვინდა დავივიწყოთ ვინა ვართ ჩვენ და რისთვის მოვსულვართ ამ ქვეყნად, უნდა სათანადოდ დავაფასოთ გამჩენის მიერ ბოძებული უდიდესი საჩუქარი - შაბათი.

თამრ მამისთვალოვი




facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3