// 20.08.2019 02:55 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     მსოფლიო ამბები  


საფურიმო მილოცვა




ძვირფასო მეგობრებო!

მთელი სულითა და გულით გილოცავთ ფურიმის დღესასწაულს.

როგორც მოგეხსენებათ, ამ დღესასწაულის ისტორიული ფესვები მოდის უძველესი ეპოქიდან. ისტორიკოსთა ვარაუდით, ამბავი, რომელთანაც დაკავშირებულია იგი, უნდა მომხდარიყო 486-465 წლებს შორის ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ე. ი. თითქმის 2500 წლის წინათ, სპარსეთში. იმ დროს სპარსეთის იმპერიას განაგებდა თავისი სიძლიერითა და მრისხანებით განთქმული მეფე ახაშვეროში, რომლის მფლობელობაში შედიოდა 127 პროვინცია ინდოეთიდან ეთიოპიამდე. მისი პირველი მინისტრი და მოადგილე - ამანი ებრაელების დაუძინებელი მტერი იყო, განსაკუთრებით იმის გამო, რომ დიდმა ებრაელმა მეცნიერმა და მოაზროვნემ - მორდეხაიმ უარი განუცხადა მას სპარსთა სარწმუნეობის მიღებაზე, რაც იმ დროისათვის უდიდეს დანაშაულს წარმოადგენდა და დიდ სასჯელს იმსახურებდა. ამანმა ეს ამბავი მიიტანა მეფის ყურამდე. მეფე ახაშვეროშს შორსმჭვრეტელობა არ აკლდა და მან მორდეხაის ეს სიჯიუტე და საკუთარი სარწმუნოებისათვის თავდადება შეაფასა, როგორც ბუნებით ერთგული ადამიანის თვისება, მით უმეტეს რომ იგი საკუთარი სიცოცხლით იყო მისგან დავალებული.

ეს კიდევ უფრო აცოფებდა ბოროტ ამანს და იგი ნელ-ნელა, თანმიმდევრობით ადგენდა ებრაელთა სრული განადგურების ვერაგულ გეგმას.

და როცა თავისი ცოლის ერთი პატარა კაპრიზის გამო განრისხებულმა ახაშვეროშმა სიკვდილით დასაჯა იგი, მთელს იმპერიაში საგანგებოდ ჩატარებული ძებნის შემდეგ, საცოლედ მოუნახეს ყველაზე უმშვენიერესი ქალიშვილი ესთერი, მორდეხაის ბიძაშვილი რომელიც ძალიან შეუყვარდა ახაშვეროშს. ამ ორი ადამიანის გამჩენისადმი ერთგულებამ და მათი ინიციატივით შესრულებულმა ებრაელთა გულმხურვალე ლოცვამ იხსნა ებრაელობა სრული განადგურებისაგან, მორდეხაი კი - ხეზე ჩამოხრჩობისა და მასხარად აგდებისაგან, ხოლო მორდეხაისთვის ამანის მიერ გამიზნული საშინელი სასჯელით დასჯილ იქნა თვითონ ამანი.

ისტორიას ახსოვს მრავალი ამანი, რომლებსაც ძველი სპარსეთის იმპერიის პირველი მინისტრის ბედი ეწიათ. ახსოვს ისტორიას, აგრეთვე მრავალი მორდეხაი, გამჩენისადმი, ებრაული რწმენისადმი დიდი სიყვარულითა და სამსახურით რომ საგმირო საქმეები ჩაუდენიათ და სიკვდილისაგან უხსნიათ თავიანთი ხალხი.

ჩვენო ძვირფასო დებო და ძმებო!

ახლაც, ჩვენს დროში არსებობს არა ერთი და ორი ამანი, რომელთაც სწადიათ აღგავონ ებრაული სახელმწიფო პირისაგან მიწისა.

ჩვენი ქვეყნის სამხედრო ძლიერებასთან ერთად, თორის სიყვარული, ათი მცნებისადმი ერთგულება ყოველთვის გაამარჯვებინებს ჩვენს ხალხს თუ-კი მტერი გაბედავს ჩვენი საზღვრების ხელყოფას.

მაგრამ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გამჩენი აქამდე არ მიიყვანს საქმეს და ისევე ჩაფუშავს ისრაელიშვილებზე ამდგარი მტრების ზრახვებს, როგორც ამანის გეგმები ჩაიშალა. ამის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმ-თმა!

იმედიან, ბედნიერ და მხიარულ ფურიმს გისურვებთ ყველას!

გაბრიელ მირილაშვილი
სემკ-ის პრეზიდენტი







facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3