// 22.11.2019 12:29 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ისტორია  


ებრაელთა დასახლება ქუთაისში




ქუთაისი - ბებერი როგორც სამყარო და ნაზი, როგორც ცისკრის გაღიმება, სრულიად იმერეთის ძველი სატახტო ქალაქი. მდინარე რიონი სათავიდან დაბლა რომ დაეშვება, ქუთაისთან დაივაკებს, მარჯვნივ უქიმერიონის მთაზე გადმომდგარ ციხესა და ბაგრატის ტაძარს შეეხმიანება, მარცხნივ კი მწვანე ყვავილას გორაკებსა და მის ძირში მდებარე დასახლებებს.

ებრაელთა საცხოვრისი-დასახლება ქუთაისში უძველესი დროიდან რომ არის სავარაუდო, ეს უეჭველია, მაგრამ 1644 წლამდე ადრინდელი ოფიციალური საბუთი ისტორიამ არ შემოგვინახა. ებრაელთა რიცხვი ქუთაისში განსაკუთრებით იზრდება მე-18 საუკუნის მიწურულიდან: ქართლიდან, ახალციხიდან, ლაილაშიდან, ონიდან და სხვა რაიონებიდან გადმოსახლებულთა ხარჯზე. ამ დროს უნდა იყოს აშენებული ე.წ. პატარა ლოცვა, რომელიც დღემდეა შემონახული.

1817 წელს ქუთაისში 57 ებრაელი ოჯახი ცხოვრობდა, იმდროინდელი ქალაქის მთელი მოსახლეობის 29%, 1840-იან წლებში მათი რიცხვი 840-ს აღწევს, ხოლო 1852 წელს კი - 1105-ს.

მოსახლეობის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა მეორე სალოცავის აშენება და იგი 1835 წლისათვის დაუმთავრებიატ კიდეც ქუთაისელ ებრაელებს, რომელიც ზედა ანუ მწვანე ყვავილას სალოცავის სახელით იწოდებოდა შემდგომში. ამავე პერიოდს ეკუთვნის ებრაელთა სასაფლაოს გადატანა ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ზევით, გორაზე, ყოფილ პოლიციის ქუჩაზე. განსაკუთრებით დაიწყო ზრდა ქუთაისის ებრაულმა მოსახლეობამ ბატონყმობის გაუქმების შემდეგ (1865)

1885 წელს ქუთაისში 2488 ებრაელია, 1897 წელს კი - 3464. საჭირო გახდა მესამე სალოცავის აშენება და იგი 1887 წელს საზეიმო ვითრებაში გაიხსნა და ცნობილია დიდი სალოცავის სახელწიდებით. 1895 წელს გაიხსნა ებრაელთა ახალი ე.წ. საფიჩხიის სასაფლაო.

1865 წელს ქუთაისის სალოცავებთან მხოლოდ ერთო ებრაული სკოლა არსებობდა. 1881 წელს კი - უკვე სამი ასეთი სკოლა მოქმედებდა 105 მოსწავლით, 1898 წელს კი - 155 მოსწავლით.

1902-1906 წლებში ქუთაისში მოქმედებდა პირცელდაწყებითი ებრაული სკოლა, რომელშიც ებრაელთა ისტორიის პარალელურად ასწავლიდნენ საერთაშორისო საგნებსაც (მაგალითად მათემატიკა).

საბჭოთა ხელისუფლების პირველივე წლები აღინიშნა ებრაული სკოლების დახურვით. მათ მხოლოდ არაოფიციალურ, ნახევრად არალეგალურ პირობებში განაგრძეს არსებობა. 1923 წელს კი ანტირელიგიური პროპაგანდის ლოზუნგით სალოცავებიც დახურეს, რაბებს დევნა დაუწყეს, ზოგიერთი მათგანი გარკვეული დროით დაპატიმრებულიც კი ჰყავდათ.

ჯამაათს ლოცვები მხოლოდ 1924 წლს დაუბრუნეს, მაგრამ მდგომარეობა განსაკუთრებულად გამწვავდა 1937-1938 წლებში, როდესაც რაბებს ისევ დევნა დაუწყეს, ხოლო ზოგიერთ მათგანს დაპატიმრებაც კი არ აკმარეს, ციმბირში გადაასახლეს და იქ მოუსწრაფეს სიცოცხლე.

ერთ-ერთი დიდი რაბი - მოშე დავარაშვილი რუსეთის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს მოძღვრად მოიხსენიებოდა. რუსეთში თორის სწავლა დასრულებული მოშე ქუთაისში დასახლდა და მთელი ცხოვრება მოახმარა ქუთაისისა და საერთოდ დასავლეთ საქართველოს ებრაელობას. როგორც ფართო საზოგადოებისათვის არის ცნობილი, 1918 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რაბი მოშე დავარაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

1928 წელს ებრაელთა უბანში გაჩნდა დიდი ხანძარი, რის შედეგადაც დაიწვა ასობით სახლი, მათ შორის სამი სალოცავიც, ერთ-ერთი მათგანი მთლიანად. დაზარალებულთა დასახმარებლად არა მარტო საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ საბჭოთა კავშირისა და საზღვარგარეთის მთელმა ებრაელობამ გაუწოდა დახმარების ხელი. სალოცავების ძლიერი დაწვის მიზეზით ხელისუფლება მათი აღდგენის წინააღმდეგიც კი იყო ერთ ხანს და მათი დანგრევაც კი ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ ქუთაისი ებრაელობის სასტიკი წინააღმდეგობის შედეგად, მათი ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა. ებრაელთა უბნის აღდგენის პარალელურად სალოცავებიც იქნა აღდგენილი. საქართველოს ებრაელთა თავგანწირული წინააღმდეგობა ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილების მიმართ სალოცავების დაკეტვის მცდელობის გამო 1952 წელს, ებრაელთა ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა. ამ დაპირისპირებაში განსაკუთრებულად ქალები აქტიურობდნენ, ისინი სალოცავების წინ გაწვნენ და მილიციის მუშაკებს საშუალევბას არ აძლევდნენ სალოცავები დაეკეტათ.

1953 წლის დასაწყისში ხელისუფლებამ ნამდვილი ნადირობა დაიწყო რაბებზე. ეს უკანასკნელნი იძულებულნი შეიქნენ ცხოვრების არალეგალურ წესზე გადასულიყვნენ, ან ქალაქს გასცლოდნენ, ან სახლდასახლ ეძებნათ თავშესაფარი. რაბი იაკობ დავარაშვილი დააპატიმრეს, გაპარსეს და სასტიკად სცემეს. მდგომარეობა მხოლოდ მარტის პირველი რიცხვების (5მარტს სტალინი გარდაიცვალა) შემდეგ გამოსწორდა. მსოფლიო საზოგადოება შეძრა 1969 წლის 6 აგვისტოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელზე 18 ოჯახის გაგზავნილმა წერილმა, რომლითაც ითხოვდნენ დახმარებას საბჭოთა კავშირიდან ისრაელში რეპატრიაციისათვის მისაღებად. ამ 18 ოჯახიდან 13 ქუთაისელ ებრაელთა ოჯახი იყო. 1972 წელს ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით ქ.იერუსალიმში გაიხსნა 18 ოჯახის წერილის ორგანიზატორის შაბათა ელაშვილის სახელობის მოედანი.

ქუთაისელი ებრაელები შეადგენდნენ უმრავლესობას 12-15 ივლისს მოსკოვის ცენტრალურ ტელეგრაფში მომხდარ 29 ქართველი ებრაელის აქციაში, რომელსაც ასევე არანაკლები საერთაშორისო გამოხმაურება ჰქონდა. 1971 წელს დაიწყო ქუთაისელ ებრაელთა მასობრივი ალია. 1979 წლამდე ქუთაისი დატოვა ებრაული მოსახლეობის თითქმის 60-მა პროცენტმა.




facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3