// 22.11.2019 12:27 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ისტორია  


მოგონება ძველ ებრაულ უბანზე ქუთაისში




საქართველოში ოცდაექვსსაუკუნოვანი თანაცხოვრების შედეგად ებრაელები ჩამოყალიბდნენ განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფად - ქართველ ებრაელებად. XIX - XX საუკუნეთა მიჯნაზე ზ. ჭიჭინაძე ქუთაისელ ებრაელებზე წერდა: მათი ენა ქართულია, ყოვლის მხრივ ქართველობის ნაწილს წარმოადგენენ, ცხოვრება მათი ვაჭრულია...

ქუთაისში ებრაელები, ძირითადად, ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე რიონის ზემო წელის მარცხენა სანაპიროზე ცხოვრობდნენ. ამ დასახლებას შაუმიანის ქუჩა ეწოდებოდა. თუმცა აერთიანებდა კლარა ცეტკინის (ახლანდელი დვალიშვილის), ტელმანის (ვარლამიშვილის), მაიაკოვსკის (ნიუპორტის), რიჟინაშვილის, აზერბაიჯანის ქუჩებს. არ ჰქონდა მნიშვნელობა რომელ ქუჩაზე ცხოვრობდი - ამ ქუჩების დასახელება მაინც არავისთვის იყო ცნობილი. ახსნას რომ დაიწყებდი, შაუმიანიო? - მაინც ასე გკითხავდნენ და შენც იძულებული იყავი დათანხმებოდი, შაუმიანი კი ქუთაისში ( და არა მარტო ქუთაისში)ყველამ იცოდა - იგი ებრაელთა უბანი იყო. ყველაზე კომპაქტურ დასახლებას ებრაელები სწორედ აქ ქმიდნენ, თუმცა ცალკეული ოჯახები ქალაქის სხვა უბნებშიც ცხოვრობდნენ.

დრომ ბევრი რამ შესცვალა, თვით ქუჩის სახელიც კი. დღეს შაუმიანს გაპონოვის ქუჩა ჰქვია. (ბორის გაპონოვმა თარგმნა ვეფხისტყაოსანი, გაამდიდრა ებრაული კულტურა და ისრაელში სახელი გაუთქვა ქართულ კულტურას. სიკვდილის შემდეგ საქართველოს უმაღლესი ეროვნული ჯილდო მიანიჭეს_რუსთაველის პრემია).

XX საუკუნის 50-იანი წლებიდან ქუთაისელ ებრაელთა შორის საკმაოდ იზრდება განათლებულ ოჯახთა რიცხვი. ჩვენს ქალაქს არაერთი ცნობილი ებრაელი ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, ინჟინერი და სხვა პროფესიის წარმომადგენელი ამშვენებდა და ამშვენებს.

ერთ-ერთი ამ უბნის მაცხოვრებელი იხსენებს: მეც შაუმიანზე, უფრო სწორად, კლარა ცეტკინის ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე. დღესაც მადლობელი ამისთვის ღვთის, რადგან ებრაელებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა. ახლაც ხშირად მაგონდება ჩემი ეზოს მკვიდრისა და უძველესი მაცხოვრებლის, ხუმრობით უბნის პროკურორს რომ ვეძახდით ქალბატონ მილიტას დარიგებები: არას მთქმელი იცინოდა, კის მთქმელი ტიროდაო; არ ვიცი, არ დამინახავს ყველას ჯობიაო; მხდალი არ უნდა იყო, თორემ ფრთხილი უნდა იყო ნამდვილადო და ა.შ.

ჩვენს ქუჩაზე, დაახლოებით ათამდე ოჯახი ცხოვრობდა ქართველი, დანარჩენი ებრაელი იყო. ამიტომ ბავშვობიდან შევეჩვიეთ მათ გვერდით ცხოვრებას. მათი ტრადიციები და ადათ-წესები შევითვისეთ და ებრაული ცნებებიც გავითვისეთ. როდესაც სხვაგან სტუმრად ან დასასვენებლად წავიდოდით და ჩვენს ნათქვამს ან რომელიმე სიტყვის მნიშვნელობას ვერ გაიგებდნენ, გაოცებულები შევყურებდით და მშობლებს ვეკითხებოდით, როგორ უნდა გვეთქვა, რომ გაეგოთ?

განსაკუთრებით გვიყვარდა ქართველ ბავშვებს (და არა მარტო ბავშვებს) ებრაული ქორწილი. თითქოს ახლაც ტკბილად ჩამესმის საქორწილო სიმღერა ქოლ-სასოლ, ვექოლ-სიმხა. აქ გემრიელად შევექცეოდით სირაბაჟსა თუ თაფლიანს, ტვინის ლაფტასა და სხვა ებრაულ საჭმელებს, რომლებიც ძალიან გვიყვარდა და ჩვენს ოჯახებში იშვიათად მზადდებოდა, თუმცა ისეთი გემრიელი მაინც არ გამოსდიოდათ ქართველ დიასახლისებს, როგორც ებრაელებს. აღდგომის დღესასწაულზე ბავშვები ვუცვლიდით ერთმანეთს წითელ კვერცხებსა და ფესახის მაცას.

კარგად მახსოვს შაუმიანისკენ მიმავალ გზაზე შემოგებებული ებრაელი დალალების სახეები, რა გინდოდაო? უცებ რომ შეგეკითხებოდნენ და იწყებოდა გაუთავებელი ვაჭრობა-მორიგება. მართლაც ყველაფერი იყიდებოდა აქ - სურსათი, მედიკამენტები, ტანსაცმელი...

შეიძლებელია, შაუმიანზე ვინმეს რამე ეყიდოს და ბატონი სიო წიწუაშვილი არ ახსოვდეს. უცნობსაც ხშირად რომ ენდობოდა და ნისიადაც რომ გაატანდა, ყველას დამხმარე რომ იყო. იზრაელა და ბორია პაპიაშვილი, ყველას ხელმისაწვდომ ფასებში რომ აძლევდნენ წამლებს. ახლა ასეთ ხალხს ბიზნესმენბს უწოდებენ და საზოგადოებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. სწორედ ამგვარმა ნიჭმა მისცა ბევრ ჩვენგან წასულ ებრაელს შესაძლებლობა, საქვეყნოდ ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი გამხდარიყო!

გავიდა დრო. ებრაელთა უმეტესობამ დატოვა ქუთაისი და საცხოვრებლად თავიანთ ისტორიულ სამშობლოს მიაშურა. ქუთაისში დარჩენილი რამდენიმე ოჯახი უკვე კომპაქტურ დასახლებას ვეღარ ქმნის და ის სპეციფიკური მოვლენების ნიველირდა მათ მეტყველებაში, მხოლოდ ებრაელთათვის რომ იყო დამახასიათებელი. მაგრამ შემორჩა ის შაუმიანელ ქართველებს, რომლებიც დღესაც ამ ლექსიკას ხშირად ვიყენებთ, ნიშანი ებრაელთა უბნის მკვიდრობისა, რომელიც კიდევ დიდხანს გაჰყვება ჩვენს უბანს.




facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3