// 17.12.2018 02:08 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ისტორია  


დიდი ალიის დასაწყისი




თავისი პროგრესული იდეების წყალობით საქართველოს ებრაელობა მუდამ ავანგარდში იყო. ისტორიას ახსოვს იმის ბრწყინვალე მაგალითები, თუ ჩვენმა წინაპრებმა როგორ დაიცვეს და დღევანდელ დღემდე მოიტანეს ებრაული სული, რწმენა და ოჯახური ტრადიციების სიწმინდე.

ეროვნული თვითშეგნების განვითარებას მეტწილად ხელი შეუწყო ექვსდღიან ომში გამარჯვებამ, ალიის პიონერების - სამი ძმა მიხელაშვილების მაგალითმა, გაერო-ში გაგზავნილმა თვრამეტი ქართველი ებრაელის წერილმა, და ბოლოს, არაჩვეულებრივად გაბედულმა შიმშილობის და პროტესტის აქციამ მოსკოვის ცენტრში (ამ აქციის მონაწილეთა სურათი იხ. ქვემოთ). გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩამოთვლილი მოვლენები კატალიზატორები იყვნენ პროცესებისა, რომელთა შედეგადაც შესაძლებელი გახდა 70-იანი წლების ალია საქართველოდან, რომელმაც, თავის მხრივ, დასაბამი მისცა დიდ ალიას ყოფილი სსრკ-ს ყველა რეგიონიდან.



აი ის ცნობილი "18 ებრაელის წერილი" :
ისრაელის წარმომადგენელს გაერო-ში,
პატივცემულ იოსებ ტეკოას,
ქ.ნიუ-იურკი, აშშ

ამ წერილს თან ვურთავთ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიაში გაგზავნილი წერილის ასლს.
მოგმართავთ თხოვნით მიიღოთ გადაუდებელი ზომები რათა უმოკლეს დროში მიიღოთ ჩვენი ისრაელში გამგზავრების ნებართვა.
გთხოვთ აგრეთვე მიიღოთ ზომები ამ წერილის გასავრცელებლად გაერო-ს წევრთა შორის, და ასევე მის გამოსაქვეყნებლად პრესაში ყველა ხელის მომწერთა გვარებისა და სახელების, და თუ საჭირო გახდა - მისამართების, მითითებით.
რამეთუ შიშის დრო გავიდა - დადგა დრო მოქმედებისა.
რამეთუ თუ არა მე, მაშ ვინ?
და თუ დღეს არა, მაშ როდის?


ხელისმომწერნი:

1. შ.მ.ელაშვილი - ქ.ქუთაისი, ჯაფარიძის 53
2. მ.შ.ელაშვილი - ქ.ქუთაისი, ჯაფარიძის 33
3. ი.მ.ელაშვილი - ქ.ქუთაისი, კიროვის 31
4. ი.ა.ელუაშვილი - ქ.ქუთაისი, მაიაკოვსკის 5
5. მ.ი.ხიხინაშვილი - ქ.ქუთაისი, მახარაძის 19
6. მ.ს.ჩიკვაშვილი - ქ.ქუთაისი, ხახანაშვილის 38
7. მ.ს.ჩიკვაშვილი - ქ.ქუთაისი, წერეთლის 32
8. მ.რ.ბებერაშვილი - ქ.ქუთაისი, კლარა ცეტკინის 9
9. ი.ი.ელაშვილი - ქ.ქუთაისი, წერეთლის 54
10. ხ.ა.მიხელაშვილი - ქ.ფოთი, ცხაკაიის 57
11. ა.ხ.მიხაილაშვილი - ქ.ფოთი, ცხაკაიის 57
12. ა.ხ.მიხელაშვილი - ქ.ფოთი, ჯაფარიძის 18
13. ხ.დ.თეთრუაშვილი - ქ.ქუთაისი, ჯაფარიძის 42
14. ი.ზ.წიწუაშვილი - ქ.ქუთაისი, შაუმიანის პირველი შესახვევი, 25
15. ე.ი. წიწუაშვილი - ქ.ქუთაისი, შაუმიანის პირველი შესახვევი, 6
16. ბ.შ.იაკობიშვილი - ქ.თბილისი, ბარნოვის 91
17. მ.რ.ბატონიაშვილი - ქ.კულაში, სტალინის 53
18. მ.შ.თეთრუაშვილი - ქ.კულაში, სტალინის 114

22 ავ
6 აგვისტო 1969 წ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანთა უფლებების კომისიას
ჩვენ, საქართველოს 18 მორწმუნე ებრაელთა ოჯახი, მოგმართავთ თქვენ თხოვნით დაგვეხმაროთ ისრაელში გამგზავრების საქმეში. ყოველმა ჩვენგანმა, მიიღო რა მოწვევა ნათესავიდან ისრაელში, შეავსო სსრკ-ს სათანადო ორგანოების მიერ გამოგზავნილი ანკეტა. ყოველმა ჩვენგანმა მიიღო ზეპირი დაპირებანი, რომ მის გამგზავრებას არავინ არ შეუქმნიდა დაბრკოლებას.
თითოელმა ჩვენგანმა, ელოდა რა ყოველ დღე რომ მიიღებდა ნებართვას, გაყიდა ქონება და დაეთხოვა სამსახურიდან. მაგრამ თვეები, ზოგიერთისთვის კი - წლები, გაილია, გამგზავრების ნებართვა კი არ მიგვიღია. ჩვენ დავაგზავნეთ ასობით წერილი და დეპეშა - ისინი გაქრენ, როგორც ცრემლები უდაბნოს ქვიშაში: გვესმის ზეპირი უარი, წერილობითი პასუხი არ მიგვიღია, არავინ არაფერს არ გვიხსნის, ჩვენი ბედი არავის არ აღელვებს.
მაგრამ ჩვენ ველოდებით, რამეთუ გვწამს.

ჩვენ, საქართველოს 18 მორწმუნე ებრაელთა ოჯახი საჭიროდ ვთვლით ავხსნათ, თუ რატომ გვსურს ისრაელში გამგზავრება.

ყველასთვის ცნობილია რამდენად სამართლიანად ხორციელდება სინამდვილეში სსრკ-ს ნაციონალური პოლიტიკა, რომლის თეორიული საფუძვლები ჩამოყალიბებული იყო სახელმწიფოს დამაარსებლის ვ.ი.ლენინის მიერ. დიდი ხანია ქვეყანაში აღარ არის ებრაელთა დარბევები, გეტო და პროცენტული ნორმები. ებრაელს შეუძლია თავისუფლად იაროს ქუჩაში, დასახლდეს სადაც სურს, დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა, თუნდაც მინისტრისა, რაც სსრკ მინისტრთა საბჭოს თავჯდომარის მოადგილის, ვ.დიმშიცის მაგალითზეც მოჩანს. უმაღლეს საბჭოში არის ებრაელი დეპუტატიც - ა.ჩაკოვსკი, "ლიტერატურული გაზეთის" მთავარი რედაქტორი ...

ამრიგად, რასობრივი დისკრიმინაცია არ გვაიძულებს დავტოვოთ ქვეყანა, მაშ იქნებ რელიგიური? მაგრამ ქვეყანაში დაშვებულია სინაგოგები, არავინ გვიშლის ვილოცოთ სახლშიც. ოღონდ, ჩვენი ლოცვები - ისრაელთანაა დაკავშირებული, რამეთუ გვიანდერძეს: თუ დაგივიწყო შენ იერუსალიმო, გახმეს მარჯვენა ჩემი. რამეთუ ჩვენ, მორწმუნე ებრაელები, ვთვლით, რომ არ არსებობს ებრაელი რწმენის გარეშე, როგორც რწმენა არ არსებობს ტრადიციების გარეშე. რაში მდგომარეობს ჩვენი რწმენა და ტრადიციები?

ხანგრძლივი დროის განმავლობაში რომის ლეგიონები გარს ერტყნენ იერუსალიმს. მაგრამ, ბლოკადის ცნობილი საშინელებების მიუხედავად - შიმშილი, უწყლობა, დაავადებები და მრავალი სხვა - ებრაელებმა არ უღალატეს რწმენას და არ დანებდნენ. თუმცა ადამიანის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი - ბოლოს და ბოლოს წმინდა ქალაქში შეიჭრენ ბარბაროსები. ასე, ათასწლეულების წინათ განადგურდა წმინდა ტაძარი, და მასთან ერთად - ებრაული სახელმწიფო. მაგრამ დარჩა ერი: თუმცა ებრაელებმა, ვინც იარაღის ხელში დაჭერა შესძლო, რომ არ დანებებულიყვნენ მტერს, ერთმანეთი დახოცეს, დარჩნენ სისხლისგან დაცლილი დაჭრილები, მოხუცები და ბავშვები.

და ვინც წასვლა ვერ შესძლო, ადგილზე იქნა მოკლული.

ხოლო ვინც კი შეძლო, უდაბნოში წავიდა, და თუ გადარჩა - მიაღწია სხვა ქვეყანას, რათა ელოცა და დალოდებოდა.
ამიერიდან უცხო ქვეყნებში, მათ მოძულე ადამიანებს შორის უნდა მოეძებნათ საკვები. მუდამ გალანძღულნი, ჩირქმოცხებულნი, შეზიზღულნი და დევნილნი, სისხლითა და ოფლით მოიპოვებდნენ პურს არსებობისა და ზრდიდნენ შვილებს.
მათი ხელები დაკოჟრილი იყო, სული კი სისხლით სავსე, მაგრამ ერი არ მომკვდარა - და როგორი ერი.
ებრაელებმა მსოფლიოს მისცეს რწმენა და რევოლუციონერები, ფილოსოფოსები და მეცნიერები, მდიდრები და ბრძენები, გენიოსები ბავშვური გულით და ბავშვები მოხუცის თვალებით. არ არსებობს ცოდნის, ლიტერატურის და ხელოვნების არცერთი სფერო, სადაც ებრაელს თავისი წვლილი არ შეეტანოს. ებრაელთა შემხიზვნელი არცერთი ქვეყანა არ არსებობს, რომელსაც მათ საკუთარი შრომით მადლობა არ გადაუხადეს. და რა მიიღეს სამაგიეროდ?

თუ ყველასთვის ცხოვრება გასაძლისი იყო, ებრაელები შიშით ელოდნენ სხვა დროს. და თუ ყველასთვის ცუდი დრო დგებოდა, ებრაელებმა იცოდნენ: მოვიდა მათი აღსასრულის ჟამი, და მაშინ ისინი იმალებოდნენ, ან გარბოდნენ ქვეყნიდან. და ვინც გარბოდა, ყველაფერს თავიდან იწყებდა.
ხოლო ვისაც გაქცევა არ შეეძლო - იღუპებოდა.
ვინც კი კარგად დაიმალებოდა, ელოდა სხვა დროებას.
ვის აღარ უდევნია ებრაელები, ამ საქმისთვის ყველა ერთიანდებოდა!
საკმარისი იყო უვარგის გენერლებს ომი წაეგოთ, იქვე დამნაშავეს ებრაელთა შორის ეძებდნენ. საკმარისი იყო პოლიტიკურ ავანტურისტს არ შეესრულებინა მთები მიცემული დანაპირებებისა, იქვე მოიძებნებოდა მიზეზი - ებრაელი. ისინი იღუპებოდნენ ესპანეთის ინკვიზიციის ჯურღმულებში და ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში. ანტისემიტები დროშასავით აფრიალებდნენ დრეიფუსის საქმეს განათლებულ საფრანგეთში და ბეილისის საქმეს უწიგნურ რუსეთში ...

ებრაელებს კი ეს ყველაფერი უნდა აეტანათ.
სხვათა შორის, მათ შეეძლოთ სხვებსავით მშვიდად ეცხოვრათ, საკმარისი იყო სხვა რწმენა მიეღოთ. ასეც მოიქცა ზოგიერთი - სულმხდალი ყველგან არის. მაგრამ მილიონები გადარჯულებას ამჯობინებდნენ გაწამებულ სიცოცხლეს, ხშირად კი - სიკვდილს.
და თუ შეუხიზნავნი დაეხეტებოდნენ ისინი დედამიწაზე - ღმერთთან ყველას მოეძებნა ადგილი.
და თუ მათი ფერფლი გაიფანტა მთელს მსოფლიოში, ხსოვნა არ მომკვდარა.
ჩვენს ძარღვებში - მათი სისხლია, ჩვენი ცრემლები - მათი ცრემლებია.
ასრულდა წინასწარმეტყველება: ფერფლიდან აღსდგა ისრაელი, არ დავივიწყეთ ჩვენ იერუსალიმი და ჩვენი ხელები სჭირდება მას.
ჩვენ 18 ვართ - მათ, ვინც ამ წერილს ხელი მოაწერა. მაგრამ ცდება ის, ვინც თვლის, რომ ჩვენ მხოლოდ 18 ვართ: ხელის მომწერთა რიცხვი გაცილებით მეტი შეიძლება ყოფილიყო.
ამბობენ, რომ მსოფლიოში სულ 12 მილიონი ებრაელია. მაგრამ ცდება ის, ვინც ჩათვლის, რომ ჩვენ სულ 12 მილიონი ვართ. რამეთუ მათთან ერთად, ვინც ისრაელისთვის ლოცულობს, ჩვენ ასეულ მილიონი ვართ, ისინი, ვინც აწვალეს, ვინც აღარ არის - ჩვენთან ერთ მწყობრში არიან, დაუმორჩილებელნი და მუდამ ცოცხლები, ბრძოლისა და რწმენის ტრადიციების გადმომცემნი.
აი რატომ გვსურს ჩვენ ისრაელში გამგზავრება ...
გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ისტორიამ დააკისრა უდიდესი მისია - იფიქროს ადამიანებზე და დაეხმაროს მათ.
ამიტომ ჩვენ მოვითხოვთ, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიამ იღონოს მასზე დამოკიდებული ყველა ზომები და უმოკლეს ვადაში მიაღწიოს სსრკ-ს მთავრობისგან ჩვენი გამგზავრების ნებართვის მიღებას. გაუგებარია, როგორ შეიძლება XX საუკუნის ბოლოს ადამიანებს აუკრძალო სადაც მათ სურთ იქ იცხოვრონ. უცნაურია, როგორ შეიძლება დავიწყება მოწოდებებისა ერთა თვითგამორკვევის შესახებ, და რა თქმა უნდა, ყოველი ერის შემადგენელ ადამიანთა უფლებების შესახებ.
ჩვენ დაველოდებით თვეები და წლები, თუ დაჭირდა - მთელი სიცოცხლე, მაგრამ რწმენას და იმედს არ ვუღალატებთ.
გვწამს: ჩვენი ლოცვები ღმერთამდე მივიდა.
ვიცით: ჩვენი მოწოდებები ადამიანებამდეც მივა.
რამეთუ ჩვენ ვითხოვთ მცირედს - გაგვიშვან წინაპართა მიწაზე ...

1. შაბათა მიხეილის ძე ელაშვილი- ქ.ქუთაისი, ჯაფარიძის 53
2. მიხეილ შაბათას ძე ელაშვილი- ქ.ქუთაისი, ჯაფარიძის 53
3. ისრაელ მიხეილის ძე ელაშვილი- ქ.ქუთაისი, კიროვის 31
4. იაკობ არონის ძე ელუაშვილი- ქ.ქუთაისი, მაიაკოვსკის 5
5. მორდეხ ისაკის ძე ხიხინაშვილი- ქ.ქუთაისი, მახარაძის 19
6. მიხეილ სამუელის ძე ჩიკვაშვილი- ქ.ქუთაისი, ხახანაშვილის 33
7. მოშე სამუელის ძე ჩიკვაშვილი- ქ.ქუთაისი, წერეთლის 32
8. მიხეილ რუბენის ძე ბებერაშვილი- ქ.ქუთაისი, კლარა ცეტკინის 9
9. იაკობ ისრაელის ძე ელაშვილი- ქ.ქუთაისი, წერეთლის 54
10. ხაიმ არონის ძე მიხელაშვილი- ქ.ფოთი, ცხაკაიის 57
11. ალბერტ ხაიმის ძე მიხაილაშვილი- ქ.ფოთი, ცხაკაიის 57
12. არონ ხაიმის ძე მიხელაშვილი- ქ.ფოთი, ჯაფარიძის 18
13. ხაიმ დავითის ძე თეთრუაშვილი- ქ.ქუთაისი, ჯაფარიძის 42
14. ისრო ზაქარის ძე წიწუაშვილი- ქ.ქუთაისი, შაუმიანის 25
15. ეფრემ ისროს ძე წიწუაშვილი- ქ.ქუთაისი, შაუმიანის 6
16. ბენციონ შალომის ძე იაკობიშვილი- ქ.თბილისი, ბარნოვის 91
17. მიხაელ რაფაელის ძე ბატონიაშვილი- ქ.კულაში, სტალინის 53
18. მიხაელ შალომის ძე თეთრუაშვილი- ქ.კულაში, სტალინის 114

22 ავ
6 აგვისტო 1969წ.

להגדלה לחץ על התמונה







facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3